вторник, 16 октября 2018 г.

შინაგანი ხმა


      ზოგჯერ ისე აეწყობა, მგონია რომ ადამიანები ერთმანეთთან საუბრისთვის არ გაჩენილან, სხეული ისე ეშვება სიტყვების ძალას კარგავ და უცნაურია განცდა, რომელიც სიმშვიდის სიძლიერეს შემოაქვს შენში.
ეს არ არის პროტესტი საკუთარ თავთან, არც იმის შეგრძნება რომ დინებას მიყვე, არც გაუცხოება, ეს არის რაღაც ახლისთვის დაწყებისთვის მომზადება, რასაც შენი აქამდე არარეალიზებული ენერგიის წყალობით შექმნი.
       ეს არ არის დეპრესია, არც შინაგანი სამყაროს გამოფიტვა, შენ ადამიანი ხარ და განახლება გჭირდება. შენ არ გყოფნის ის ქიმიური პროცესები რაც შენ ორგანიზმში მიმდინარეობს, შენ არ ხარ მანქანა, არც რობოტი, და არც სხვისი დაპროგრამებული არსება გინდა იყო.

пятница, 12 октября 2018 г.

უბრალოდ


       საკუთარი ბედნიერების შექმნაში დიდი ხანია წვლილი არ შემიტანია, არ მიბრძოლია. „ვინც მოითმენს, მოიგებსო“, ბოლო დროს ამ გამოთქმაზე ვფიქრობ, სულ მაინტერესებდა მაინც რა სახის მოთმინებას ეხება, მაგრამ ერთი კი ფაქტია, ყველაფერზე და მნიშვნელოვანზე მგონი არ უნდა მუშაობდეს ეს გამოთქმა. თუმცა, ხანდახან იმაზეც ვფიქრობ, როცა მართლა იყო საჭირო მაშინ ხომ არ ვიყავი მოუთმენლობის ხასიათზე და როცა საჭირო არაა უამრავ არასაჭირო რამეს ვითმენ. რატომ ვითმენ? რას მინდა რომ მივაღწიო? მოუთმენლობის სიკეთე ხომ არ აღემატება ამ შემთხვევაში მოთმინების სიკეთეს? საკითხავია.
       ბოლო დროს ღიაობაზეც ვფიქრობ და იმაზეც, წარსულში როგორ ვიცავდი ამისგან თავს. სურვილი არ მქონდა სხვებთან მელაპრაკა ჩემ ემოციაზე, შეხედულებებსა თუ ოცნებებზე. თუ ჩემი შეფასებით ცოტა მეტის თქმა მომივიდოდა საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ვფიქრობდი, რომ თითქოს რაც უკვე ითქვა იმას შინაგანი, ძლიერი ემოცია აღარ ექნება. მეგონა თუ ერთხელ ვიტყოდი, დავცარიელდებოდი, სიცარიელის მეშინოდა. და ასე ვინახავდი საკუთარ ფიქრებს წლების განმავლობაში, როცა ამბობენ, რომ სასიკეთოა შინაგანი ემოციისგან დაიცალოს ადამიანი. მე კი მეგონა რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოაკლდებოდა ჩემ პირად სამყაროს, იმით თუ გადავწყვიტავდი, რომ გამეთქვა. დღეს, როცა საკუთარ თავს შევნიშნე, რომ ლაპარაკი დავიწყე და მათ შორის იმ ემოციებზეც, რასაც წლების განმავლობაში სათუთად ვინახავდი, აღმოვაჩინე რომ მათზე უფრო იდეალიზებულად ვყვები, მათგან ყველაზე მტკივნეულ ნიუანსებსაც ზღაპრულ, ლამაზ ამბებად ვახმოვანებ. თითქოს არაფერი მომხდარა ისეთი, რითაც იმედი დამიკარგავს, რაც არასასიამოვნო იყო, რაც იყო და რაც აღარ იყო. თითქოს ჩემი ამბები შუაში იმიტომ წყდება, რომ არასდროს დავასრულო მათზე ფიქრი, იმიტომ რომ ამ ამბებიდან ცუდები დროს გაექრო და მხოლოდ ლამაზად სახსოვარი დეტალები დარჩენილიყო. ზოგჯერ, მოყოლისას, შემიმჩნევია როგორ გამოვდივარ საკუთარი თავიდან, გვერდით ვჯდები და სხვებთან ერთად ვუსმენ ჩემი შინაგანი გოგოს ხმას. ვუსმენ და მომწონს, რომ გაგრძელება ბევრ ლამაზ ისტორიას რეალურ დროში უბრალოდ არ აქვს, იმიტომ რომ გაგრძელება ნიშნავს დასასრულს.

пятница, 9 июня 2017 г.

მაისი

წესით და რიგით, სამაგისტრო ნაშრომის დასაწერად მოვემზადე, მაგრამ ვერ გამოვეთიშე სამყაროს, სადაც მარტო აღმოვჩნდი, გარეთ მეზობლები, უცნობები, ნაცნობები, ყოფითი საქმიანობებით არიან დაკავებული, ვინ სეირნობს, ვინ ჭორაობს, ვინ თამაშობს, ვინ ალაგებს... მე კიდევ, როცა სახლში ვარ არ გამაჩნია არანაირიი დღის გეგმა, სულერთია როდის ავდგები, დილით თუ შუადღით, ერთიდაიგივე მდუმარებაა ყველა ოთახში, რაც დრო გადის მზრუნველობის უნარი კიდევ უფრო მიქვეითდება . . .  ეს ის თვისებაა, რომელსაც მხოლოდ ბუნება ვერ შველის, მას წვრთნა სჭირდება.
ოთახებში სიარულით მოწყენილს, ხან ქუჩის მოძრაობას გადავხედავ, ადამიანები ხან ერთი მიმართულებით მიდიან, ხან მეორე მიმართულებით, ვის რა აცვია, ვის რა უხარია, ვის რა სწყინს, რა მნიშვნელობა აქვს... ასე, ზედაპირულად მაინც არ ჩანს მათი ცოხვრების მიზანი... არც ის, იციან თუ არა რატომ ცხოვრობენ, რისკენ მიისწრაფვიან, რა ელოდებათ, ვინ ელოდებათ, ვის ელოდებიან, რას ელოდებიან...
ჩემს მდგომარეობას, სხვა მოწყენილობას, დეპრესიას და ჩაკეტილობას დაარქმევდა. არადა მე ასე არ ვფიქრობ, არა იმიტომ რომ ბოლო დროს ეს ყოფა ჩვევად მექცა, არამედ იმიტომ რომ ცოტა გვიან დავიწყე კითხვების დასმა, ცხადია პასუხებისთვისაც არ აღმოვჩნდი მომზადებული.
სულ ვფიქრობ, სად გადის ჩემი სისუსტისა და სიძლიერის ზღვარი... რატომ მიჭირს დაწყება, ყველაფრის დაწყება ... ვინ ვიქნებოდი მე, თუ უფრო მეტჯერ დავამარცხებდი დაწყების შიშს, დაწყების სირთულეს, დაწყების დაბროკოლებებს... საკუთარ თავში ძალა არ მყოფნის ცვლილებებისთვის, ყოველთვის როდესაც გადაწყვეტილება უნდა მივიღო, სულ, სულ ბოლოსკენ ვუსმენ საკუთარ თავს, პირველ ადგილს კი იკავებს, გარემო ფაქტორები, სხვა ადამიანების ემოციები, გრძნობები და გამომეტყველება, მერე აღმოჩნდება, რომ მე სადღაც ბოლოსკენ ვარ, მაგრამ საკუთარ თავს მშვიდად ყოფნა სწორედ ასეთი მდგომარეობა ჰგონია, მიეჩვია მეს დათრგუნვით გადაწყვეტილებების მიღებას.


четверг, 23 июня 2016 г.

23 ივნისი

მე თანდათან ვსწავლობ როგორ უნდა ვაკონტროლო საკუთარი ქცევები და სიტყვები, სად როგორ უნდა მოვიქცე, ისე რომ სხვამ არ იგრძნოს თავი უსუსურად, ისე რომ სხვამ არ იგრძნოს რომ ინერტულად იყო და გამოფხიზლება რომ მოვინდომე ეუცხოვა, არ იყო სიფხიზლეს მიჩვეული, მიხვდა რომ პასიური იყო მაგრამ ახლა ერთულება აქტიურობა და გეწინააღმდეგება, არ მოწონს, უჩვეულოა მისთვის ის რისკენაც მიახედე და შენ გადანაშაულებს, ჰგონია რომ შენ ხარ ბრალში, მართლა ჰგონია რომ სიმყუდროვე ჰქონდა და შენ დაურღვიე. დიდი ხანია რაც არ უფიქრია მოძრაობაზე და თავის წარმოადგენაში უძრაობისთვის სიმყუდროვე დაურქმევია.
ამ ყველაფრიდან დასკვნა ის არის რომ როცა მეგონა რომ ვღიავდებოდი და ვიხსნებოდი აღმოვაჩინე რომ კარის გამოკეტვას ბევრი აღარ აკლია.

მივეჩიე რომ არ უნდა დავუსვა თავს შემდეგი კითხვა თავგასულობა უფრო უსაზღვროა თუ სამყარო . . . 

22 ივნისი

                        როცა ვეღარ გრძნობ რომ შენთვისაც თენდება, რომ შენც უნდა შეუდგე დღის კანონებს, რომ შენც უნდა ებრძოლო ერთფეროვნებას, რომ შენ თუ მოეშვი ბრძოლას მიატოვებ და მარტო დატოვებ ყველა მებრძოლს რომელიც ყოველდღიურად ცდილობს გააგრძელოს არსებობა. ხვდები რომ მათთვის იმდეგაცრუება იქნება შენი ნაბიჯი.
               ხვდები რომ არ გაქვს უფლება სხვა მილიონობით გაუსაძლის პირობებში მცხოვრები ადამიანების ფონზე შენ ოდესაღაც ძლიერი ფეხზე არ იდგე, უმადურობა იქნება შენგან ასე მოქცევა. და მერე მართლა არ გაპატიებს ცხოვრების კანონზომიერებები.
ფიქრობ და ვერ გაგირკვევია, რა დამსახურებისთვის იღებ ერთნაირ დღეებს, რა მიზნით არ დგეხარ იქ სადაც წარმოგედგინა თავი, რისი იმედიც გქონდა, რაც ძალას გაძლევდა ცხოვრების, რაშიც ხედავდი არსებობის საზრისს.
                 ხვდები რომ როგორც მაშინ, ახლაც ნებისყოფა არ გყოფნის, ერთადერთს ნატრობ როგორც სხვებს, შენც გქონდეს ნების მართვის უნარი იმისთსთვის კი არა რომ შეეგუო ბედს, არამედ იმისთვის რომ ადგე, მხრებში გაიმართო, გასწორდე, და ის იყო ბოლოს და ბოლოს ვინც ხარ.
სანამდე შეიძლება ჩაკლა საკუთარი თავი შენში, შენი შესაძლებლობები აქციო დიდ ინერტულ მასად, რომელიც გაუფრთხილებლობით გადაგთელავს შენ და დაგამსგავსებს სხვებს რომელთა აზროვნებას არასდროს ემთხვეოდა შენი შეხედულებები.

           გეშინია, რომ ერთ დღესაც, ღმერთის სამჯავრომდე, საკუთარი თავი აგიმხედრდება, ყველაფერზე მოგთხოვს პასუხს, ყველაფრის ახსნას მოგთხოვს რაც შეგეძლო გაგეკეთებინა და არ გააკეთე. რაც შეგეძლო გეგრძნო და არ იგრძენი, რაც შეგეძლო გაგეზიარებინა და არ გააზიარე, რაც შეგეძლო გამოგეხატა და არ გამოხატე, რაც შეგეძლო გეთქვა და არ თქვი, როგორც შეგეძლო მოქცეულიყავი და არ მოიქეცი. ყველაფერზე გაგებინებს საკუთარი თავი პასუხს და მიხვდები რომ არავინ და არფერი არ ღირდა იმად რომ საკუთარი თავი გადაგემტერებინა. შენ სხვა გახდები, რასაც არასდროს გაპატიებს საკუთარ თავში უყურადღებოდ დატოვებული ის ადამიანი, რომელიც ერთ დროს იყავი. 

вторник, 30 декабря 2014 г.

ჩვენ 2 წლის ვართ

2012 წლიდან ჩემში დასახლდა და ცხოვრობს სამი სიტყვა : ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი.
სულ თავიდან კი, ერთი შეხედვით ერთმა უბრალო, ახალმა სამსახურმა შეცვალა მთელი ჩემი მდგომარეობა.
ყველაფერი  უნდა დაგვეწყო ნულიდან, დღევანდელი გადასახედიდან ალბათ ეს იყო ყველაზე საინტერესო.
პირველ ღონისძიებებზე სულ რამოდენიმე ახალგაზრდის ჩართულობა როგორ მნიშვნელოვნად იზრდებოდა პერიოდულად.
ეს არის სამსახური, რომელმაც დამაბრუნა მოსწავლეობის, სტუდენტობისა და ბავშვობის ასაკში.
ამ ხნის მანძილზე ვიღვიძებდი ბედნიერი და ვფიქრობდი მხოლოდ იმაზე თუ როგორ შემეძინა ახალგაზრდა მეგობრები, რა უნდა შემეცვალა უკეთესობისკენ ჩემი მეგობრებისთვის სასიამოვნო გარემო რომ შემექმნა. ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ უნდა გავფრთხილებოდი მათ, როგორ უნდა გამენაწილებინა თანაბრად ის სიკეთე, რასაც მწირი ფინანსური შესაძლებლობები გვაძლევდა,.  ვუყურებდი ახალგაზრდების განვითარებისათვის გამოყოფილ 40 კვადრატული ფართის ყველა კუთხეს და ვფიქრობდი როგორ ამეთვისებინა სრულად. საიდან დამეწყო...
ვცვლიდით, ვგეგმავდით, ვაადგილებდით და ვამატებდით მე, ნატა და ქეთი . . . ვცდილობდით მოგვერგო ახალგაზრდების როლები და მათი გადასახედიდან შეგვეფასებინა მდგომარეობა.    ვიზიარებდით ახალგაზრდების ემოციებს, სიხარულს, ცოდნას და მეგობრობას.
ისიც ზუსტად ვიცით, რომ არსებობენ ისეთი ბავშვებიც, რომლებსაც რაღაც არ მოეწონათ, ეწყინათ, გული ეტკინათ, ჩვენ მათთან ერთად, ჩვენში გამოვიხარშეთ და განვიცადეთ წყენაც და უკმაყოფილებაც ისე რომ მათ ეს არ ვაგრძნობინეთ. ასე იყო საჭირო. რადგან ზოგჯერ შეუძლებელია ერთი სასარგებლო მომენტით სარგებელი მიიღოს რამოდენიმემ.
ჩვენ დღეს 2 წლის ვართ, თუმცა უკვე ვკითხულობთ, ვუყურებთ ფილმებს და განვიხილავთ, ვმსჯელობთ პრობლემებზე, ვდებატობთ საუკეთესოდ, ვიზრდებით ინტელექტუალურად, ვაზროვნებთ დემოკრატიულად, ვქმნით ფერებს, ვწერთ ლექსებს, ვმღერით ს, ვხატავთ სამყაროს ჩვენი ხედვით, ჩვენ ვთამაშობთ სპექტაკლებში, ჩვენ მხიარულ რეგიონში ყველაზე კარგად ვხუმრობთ, ჩვენ სხვადასხვა ტრენინგებში მონაწილეობით ვზრუნავთ პიროვნულ განვითარებაზე, ჩვენ ვემზადებით ღირსეული მოქალაქეობისათვის, ჩვენ ორგანიზებულნი ვართ, ჩვენ შევცვლით გარემოს უკეთესობისკენ, ჩვენ ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი გვაერთიანებს.
მე არ მისწავლია ისეთი სპეციალობა, რომელიც ასე ახლოს დამაკავშირებდა ახალგაზრდებს, თუმცა მე მერგო ცხოვრებაში ისეთი პროფესია , რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება, წარმოსახვის უნარი, აზროვნება, ასაკი, ქცევა, ფიქრი, ყოველი დილა თუ დღე, სიზმრებიც კი :)))
აქვე, ძალიან დიდი მადლობა ახალგაზრდობის ცენტრის ყველა წევრს, პირველ თაობას განსაკუთრებით, რადგან სწორედ მათ განაპირობეს მყარი საფუძველის
ჩაყრა მომავალი თაობებისთვის. მადლობა ბავშვებს, რომლებიც დღეს არიან აქტიურად ჩართული ცენტრის მუშაობაში.
მადლობა ყველა სპეციალისტს, ტრენერს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, პროფესორს, ლექტორს, თუ მასწავლებელს ვინც ცენტრში შეკრებილ ახალგაზრდებს ცოდნა გაუზიარა.
მადლობა ცენტრის აქტიურ მოხალისეს ლუკა ბიბინეიშვილს, ამერიკელ მოხალისეს სარა შოლცს.
მადლობა მაშინდელ და ამჟამინდელ  აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ახალგაზრდობის ცენტრისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისთვის.   მადლობა მათ ვინც წვლილი შეიტანა ისეთი დაწესებულების დაარსებაში რომელიც ორიენტირებულია ახალგაზრდების ჩართულობაზე. მადლობა მათ ვინც დღეს ცენტრს ფინანსურ  მხარდაჭერას უწევს.
მადლობა ქეთევან დევაძეს რომელსაც ძალიან უხარია ცენტრის ყველა აქტივობა, მადლობა რომ შეაქვს წვილი ცენტრის განვითარებაში. მადლობა ჩემს ერთგულ თანამგზავრს ნატა ხინკილაძეს, ერთად ბევრი საქმე გაგვიკეთებია და მისი წვლილი ძალიან დიდია. მადლობა ხატია ფუტკარაძეს.
სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ორი წლის მანძილზე ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გამოვლინდა, მე მჯერავს მათი, რომ გააგრძელებენ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას და უკეთესობისკენ შეცვლიან ჩვენს ქვეყანას, მათში არის უდიდესი პოტენციალი განავითარონ სხვადსხვა სფერო და წარმატებებს მიაღწიონ ყოველ ამოწყებულ საქმეში.
მე კი უბრალო, ბედნიერი ვარ რადგან მქონდა და მაქვს მათთან ურთიერთობის შესაძლებლობა.
გავიდა 2 წელი, ახლა კი  ჩვენ გვაერთიანებს  ახალგაზრდობის ცენტრის როგორც წარსული ასევე აწმყო და მომავალი.

пятница, 15 августа 2014 г.

ბავშვთა შრომა



     თემას, რასაც ვეხები გაგიკვირდებათ და ნაკლებად აჟიტირებულია მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროს ერთ ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს, რომლის გამოვლინებას სამწუხაროდ, ზაფხულის ერთ მზიან დღეს სამყაროს ერთ ძალიან პატარა ნაწილში, ხელვაჩაურშიც შევეჩეხე.    
   
     სამსახურში მისულს კართან არ დამხვდნენ ბავშვები, რომლებიც ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში არსებული კომპიუტერებით ყოვედღიურად სარგებლობდნენ. მათი ასაკი 10–14 წელია.  სამუშაო საათები უკვე სრულდებოდა, როცა რამოდენიმე მათგანი გამოჩნდა და მთხოვეს ნახევარი საათით დავრჩენილიყავი. რადგან იმ საღამოსვე 1 თვით თურქეთში თხილის საკრეფად მიდიოდნენ. მითხრეს, რომ ასეთი შრომით წინა წელსაც სასკოლოდ თანსაცმლის ფული გამოიმუშავეს, ზოგიერთმა მათგანმა კი ოჯახის რჩენაში შეიტანა წვლილი. მათ ბედზე დიდ ხანს ვფიქრობდი,  ვიფიქრე მე რის გაკეთება შემიძლია გარდა იმისა, რომ როცა დაბრუნდებიან ცენტრში ბავშვთა უფლებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრას გავაკეთებ მეთქი.  

       გავიდა დღეები და სექტემბრის ერთ წვიმიან დილას  ერთ ერთი გოგონა მძიმე სამუშაოდან დაბრუნებული,  ახალგაზრდობის ცენტრში გამოჩნდა, ხელში საყურეები ეჭირა, რომელიც მომაწოდა და დიდი სიხარულით მამცნო რომ თურქეთიდან საჩუქრად ჩამომიტანა, თვალზე ცრემლი მომერია, გამოვართვი და გავიკეთე, მას მერე ხშირად ვატარებდი რადგან ეგრძნო, რომ მისი საჩუქარი ძალიან მომეწონა, ვამჩნევდი, რომ  თავადაც მაკვირდებოდა მეკეთა თუ არა.

    როცა საყურეების თემის გადახარშვა დავიწყე მას შევხედე  და ახლა კიდევ უფრო მძიმე რეალობა დავინახე, რეალობა რომელიც იდგა ჩემს წინ, ოთახის დახეულ ჩუსტებში ჩაცმული და წვიმისგან გაწუწული გოგონას სახით, მადლობა გადავუხადე საჩუქრისთვის და ვკითხე თუ რატომ არ ესწრება გაკვეთილებს? მიპასუხა, რომ ფეხსაცმელი არ აქვს და სკოლაშიც ამიტომ ვერ დადის.

          ახალგაზრდობის ცენტრის კიდევ ერთი წევრი 14 წლისაც არ იყო სოციალურმა პირობებმა თურქეთში წასვლა რომ აიძულა, ამბობს, რომ ოჯახში წინააღმდეგი იყვნენ თუმცა მშობლებმა მაინც დართეს წასვლის ნება „ბავშვობიდან“ მიეჩვევა შრომასო. ამბობს, რომ 13 წლის ბავშვის მუშაობა დილის 6 საათიდან საღამოს 7 საათამდე, საშუალოდ 30–35 გრადუს სიცხეში საშინელებაა. 13 წლის ასაკში 45  კილოგრამს იწონიდა ერთი თვის მანძილზე ყოვედღიურად კი  33 კილოგრამიან თხილის ტომრებსაც ეზიდებოდა. საუბარში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სხვა მის თანატოლებთან შედარებით გაუმართლა, რადგან დაბრუნებულს  მკურნალობა არ დაჭირდა.  
   
      ეს ორი ამბავი ზაფხულობით სოფლების დაცარიელების მიზეზი ხდება, სოფლის სიმხიარულე თურქეთში  ლუკმა პურის საშოვარზე მიდის.

      თუ თქვენ ამ ბავშვებთან შეხება არასდროს გქონიათ, დარწმუნებული ვარ ბათუმში პაპანაქება სიცხეში პლაჟზე გუგლგრილი არ დაუტოვებიხართ 8–10 წლის ბავშვებს, რომლებიც დაკოჟრილ და გაშავებულ კიდურებს ძლივს მიასლასებენ ზურგში აკიდული მაცივრებითა, თუ ორივე ხელითა და მუხლების დახმარებით მიათრევენ ცხელი სიმინდით სავსე  ვედროს და პირდაპირ ეჩეხებიან არათანაბარი პირობების სურათს.

       ზღვაზე 10 წუთის გასულმა აღმოვაჩინე 14 წლის ბიჭი, რომელიც 13 წლის იყო პირველად მისი საზაფხულო არდადეგები,  მძიმე ტვირთად რომ  იქცა. ამბობს 40 კილოა, მაცივარი, რომელსაც ზურგით ეზიდება დილის 8 საათიდან საღამოს 7 საათამდე 25 კილოგრამს იწონის. რა უნდა მეთქვა? ვუთხარი, რომ ხშირად შეისვენოს.

      ასეთი ბავშვების მშობლებს განათლება, ბავშვებს კი  პირობები არა აქვთ იცხოვრონ ბავშვური ცხოვრებით. მათ არ იციან, რომ ბავშვის რთულ პირობებში შრომა დაუშვებელია, რომ ბავშვებს უფლებები აქვთ, რომელიც დაცული უნდა იყოს ფიქრობენ, რომ ბავშვები მათი საკუთრებაა და როგორც მშობლებს შეუძლიათ ისინი ყოველგვარი საქმიანობისთვის გამოყენონ.
 
      ასეთი ფაქტები ძირითადად არადემოკრატიულ ან ნაკლებად დმეოკრატიულ ქვეყნებში ხდება.
      უახლესს ისტორიაში არსებობს ერთი მეტად მძიმე და იმავდროულად სანიმუშო ისტორია რომელიც ეხება ბავშვს, რომელიც საქართველოსთან შედარებით არადემოკრატიულ  ქვეყანაში დაიბადა, მაგრამ მოახერხა შებრძოლებოდა ბავშვთა მძიმე შრომას.
       „ბავშვებს კალამი უნდა ეჭიროთ და არა სამუშაო იარაღი“, ამ სიტყვების ავტორი პაკისტანის მკვიდრი იქბალ მასიჰია, მისი ბედი არადემოკრატიული პაკისტანის ერთ ღარიბ ოჯახში დაბადებამ გადაწყვიტა. იგი 6 წლის ასაკიდან 12 წლამდე ფეშგის მსხვერპლი იყო. ფეშგი, იცით ამ სიტყვის მნიშვნელობა? პაკისტანში არსებობს ასეთი გამოთქმა „ვალის მონობა“, რაც გულისხმობს, ბავშვების მძიმე მუშაობით ვალების გადახდას, ან ოჯახის სიღარიბესთან ბავშვის შრომით შებრძოლებას.
        იქბალი 6 წლის ასაკში უკვე მაღალ დონეზე ფლობდა ხალიჩების ქსოვის ტექნიკას. იგი დედას მეორე ქორწინებიდან შეეძინა, მამა მრავალჯერ ნასამართლები იყო. 5 წლის იყო, როცა მამამ მეოთხე შვილზე ორსულ დედას ბავშვები წაართვა და პირველი ქორწინებიდან შეძენილ ასლანთან ერთად სახლიდან გააგდო. იქბალი მთელი დღე ცხვრებს მწყემსავდა, არავის აინტერესებდა სად ეძინა, რას ჭამდა, ავად იყო თუ წამალი სჭირდებოდა, დედა მის ბედს ძალიან განიცდიდა.
    გარკვეული პერიოდის შემდეგ იქბალი დედასთან დაბრუნდა, თუმცა სულ მალე დედას სასწარაფო ოპერაცია დასჭირდა, რომლისთვისაც თანხა არ ჰქონდა, ამ დროს  ხალიჩების მწარმოებელმა ერთერთი ქარხნის მეპატრონემ მას ფეშგი შესთავაზა. დედა განიკურნა, თუმცა სწორედ ამ დროს დაიწყო იქბალის მძიმე, ბავშვის ასაკისთვის შეუფერებელი შრომა.
     თავიდან მას ნხევარ რუპიას უხდიდნენ, მუშაობდა დღეში 15 საათს,  გადაღლილი ბავშვი გვიან ღამით, ბნელში ბრუნდებოდა სახლში და ჭამის ძალაც აღარ ჰქონდა შერჩენილი პირდაპირ დასაძინებლად მიდიოდა. ხშირად უფროსი მას და სხვა ბავშვებს სამუშაო დაზგას მიმაგრებულიც ამუშავებდა.
       იქბალი განიცდიდა სხვა ბავშვების ბედსაც. შემდეგ ის იხსენებს, რომ მას ტანჯავდა ბავშვების უმოწყალოდ ცემის ყურება. თამაშის ძლიერ  სურვილთან გამკვლავება. გადასახდელ თანხას, ძმის ქორწილისთვის აღებული ფეშგიც დაემატა და გაიაზრა, რომ შეუძლებელი იყო მხოლოდ მისი მუშაობით ვალის დაფარვა.
     სწორედ ამ დროს  პაკისტანის მონური შრომის წინააღმდეგ არსებულ ორგანიზაციას მიტინგი ჰქონდა დაგეგმილი, იქბალმა ამის შესახებ იცოდა. მან ყველა ღონე იხმარა, რომ გაპარულიყო სამუშაოდან და მიტინგს შეუერთდა, სადაც ორგანიზაციის ხელმძღვანელის ყურადღება მისმა შეშინებულმა სახემ მიიპყრო. ეხსან ულაჰმა მას ტრიბუნა დაუთმო, იქბალმა ყველაფერი მოუყვა მიტინგზე შეკრებილ ხალხს.
      მისმა ბუნებრივმა დემოკრატიულმა აზროვნებამ, თავისუფლების წყურვილმა, იხსნა იგი მძიმე შრომისგან და მისი პროტესტით  შეძლო 3 000 ბავშვის ასაკისთვის შეუფერებელი შრომისგან გათავისუფლება.

          იგი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. 
          დაიწყო სკოლაში სიარული.
      სამშობლოში დაბრუნებული ცხოვრობდა ბავშვური ცხოვრობით და სწავლას აგრძელებდა. მაგრამ, მოულოდნელად 1995 წლის 12 აპრილს 12 წლის ასაკში დილით იგი მოკლული იპოვეს. თავისუფლებისთვის ბრძოლა ტრაგიკულად დასრულდა, თუმცა მან დატოვა ძალიან დიდი მემკვიდრეობა, მისი საქციელით შთაგონებულმა კანადელმა ახალგაზრდებმა დაარსეს საქველმოქმედო ორგანიზაცია სახელწოდებით ”თავისუფლება ბავშვებს” და იქბალ მასიჰის ბავშვთა ფონდი,  რომელიც წამოწყებული იქნა პაკისტანის 20 სკოლაში. 2009 წლის იანვარში კი აშშ კონგრესმა დააწესა მისი სახელობის ჯილდო.
            
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, ბავშთა შრომა ეს არის შრომა, რომელიც აზიანებს ბავშვს, მის კეთილდღეობას, განვითარებას და მომავალს, ზოგადად, ბავშვთა შრომა წყვეტს ბავშვებს თავიანთი ბავშვობიდან, ვნებს მათ პოტენციალს და ნაყოფიერებას.
      „ყველა ბავშვს აქვს უფლება, იცხოვროს ისეთ გარემოში, რომელიც აუცილებელია მისი განვითარებისთვის“ - ბავშვთა უფლებების კონვენციის ხელმომწერი საქართველოცაა. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია შრომის საერთაშორისო კონფერენციიაზე მიღებული #182 კონვენციისა, რაშიც საუბარია ნებისმიერი სახის სამუშაოსგან ბავშვების გათავისუფლებაზე.
         მაგრამ სტატისტიკა აღებული ვალდებულებების შესრულებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება: საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ბავშვთა შრომის კვლევის მიხედვით, საქართველოში 10,56 პროცენტი ასრულებს მათი ასაკისათვის შეუფერებელ სამუშაოს.       
         პაკისტანს არ აქვს აღებული ვალდებულება დაიცვას ბავშვთა უფლებები, საქართველო კი ამ კუთხით უკეთესს სიტუაციაშია.
         თუ რა შეუძლია აქტიურობასა და თავისუფლებისთის ბრძოლას იქბალის ისტორია ამის საუკეთესო მაგალითია.
   ალბათ კითხვა გაგიჩნდათ თუ რა შედარებაა ამ ისტორიებს შორის, ადვილია გამიჯნო – მონური და ნებაყოფლობითი ბავშვთა შრომა. იქბალი პაკისტანში არსებული წესებით იყო იძულებული ემუშავა, ქართველი ბავშვები კი ხშირად საკუთარ თავს აიძულებენ შრომას. მათ შორის პარალელი კი ის არის, რომ ისინი არ ცხოვრობენ ბავშვური ცხოვრებით, სიღარიბის გამო იძულებულნი არიან იშრომონ. ისინი განათლებას მოკლებული, უპასუხისმგებლო, მესაკუთრე მშობლებისა და გულგრილი  საზოგადოების მსხვერპლნი არიან.
ამასთანავე ვფიქრობ, რომ 21–ე საუკუნეში ბავშვთა შრომა იმიტომ არის შესაძლებელი, რომ ამ უბედურების შესახებ მსოფლიო არასათანადოდ არის ინფორმირებული. ამ პრობლემებთან საბრძოლველად საზოგადოების ინფორმირებულობა გადამწყვეტია.
     ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი, განათლებული მომავალი თაობა, ვფიქრობ, რომ ნამდვილ დემოკრატიას ქმნის  ბავშვებისა და მოზარდების აღზრდა დემოკრატიული აზროვნებით.   ამიტომაც, სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი ბავშვები უნდა იყოს, რომლებიც წლების შემდეგ საზოგადოებად ყალიბდება.       
     ჩვენ გამოვხატოთ პროტესტი. ჩვენ დავიცვათ ბავშვების უფლებები. ჩვენ მოვთხოვოთ სახელმწიფოს აღებული ვალდებულებების შერულება, კანონის აღსრულება.       
       თუ 10 წლის ბავშვმა შეძლო 3 000 ბავშვის გათავისუფლება, წარმოიდგინეთ ჩვენ რამდენს შევძლებთ თუ თითოეული ჩვენგანი  გავერთიანდებით ამ პრობლემის წინააღმდეგ.
      როგორ უნდა ვებრძოლოთ ბავშვთა შრომას? უპირველესად,  იდეურად უნდა შევეწინააღმდეგოთ ბავშვის ასაკისთვის შეუფერებელ მუშაობას, ასევე გასათვალისიწნებელია ის ფაქტი, რომ საქართველოში საჭიროა ჩატარდეს კვლევა ბავშვთა შრომის შესახებ, მედია საშუალებები აქტიურად უნდა აშუქებდნენ ბავშვთა შრომის ამსახველ ფაქტებს, შევქმნათ ჯგუფები, რომლებიც ბავშვებს აუხსნიან განათლების მნიშვნელობას და სწავლის ინტერესს გაუჩენენ. აუხსნიან, რომ განათლების გარეშე ცხოვრებას სიღარიბეში გაატარებენ.
    ჩემი ამ ერთი მოხსენებით მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდება, მაგრამ ამ საკითხის წამოწევით მცირედით მაინც თუ გამოვფხიზლდებით.  უბრალოდ გვჭირდება რწმენა, რომ ჩვენ შევძლებთ ამ კუთხით ცვლილებების გატარებას.        
    თუ სადმე შეხვდებით ბავშვთა შრომის გამოვლინებას არ დავტოვოთ იგი გამოხმაურების გარეშე.
და ბოლოს მუდამ გვახსოვდეს, რომ  „მსოფლიო საშიში ადგილია არა მათ გამო ვინც ბოროტებას სჩადის, არამედ მათ გამო ვინც  დგას და არაფერს აკეთებს“.        

 გთხოვთ, ერთად დავამარცხოთ საზოაგადოებაში არსებული გულგრილობა, ამ წუთიდან ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, და ბავშვის შრომის საწინააღმდეგოდ მიმართული კამპანია აქ და ახლა ფეხზე წამოდგომით დავიწყოთ.